Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის გამოფენა

21 ივნისი – 10 ივლისი, 2025
უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე, ზუგდიდი

გახსნა: 21 ივნისი, 18:00 საათზე
 
გამოფენა ეძღვნება ლეოპოლდ ძაძამიძის დისშვილის, საპატიო ზუგდიდელის პეტრე (მურთაზ) უბერის ხსოვნას.

გამოფენაზე წარმოდგენილია 50-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, დაცული მხატვრის მემკვიდრეთა – პეტრე (მურთაზ) და ნუგზარ უბერების ოჯახურ კოლექციაში.
ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა ქართული საბჭოთა ფერწერის ისტორიაში. იგი 1950-იანი წლების იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც ახალი მხატვრული ენის დამკვიდრებას დაუდო სათავე. მისი შემოქმედება გამოირჩევა თავისუფალი წერის მანერით, ნათელი ფერადოვნებითა და ლირიზმით.
ძაძამიძის პეიზაჟებში შესისხლხორცებულია ბუნების სიღრმისეული განცდა, სინათლის ცვალებადობა და იმპრესიონისტული მზერა. მის ნამუშევრებში წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა კუთხე: სამეგრელო, აჭარა, მესხეთი, სვანეთი, ქართლი, იმერეთი, გურია, განსაკუთრებით მტკივნეული მოგონებების მატარებელი აფხაზეთი.
მხატვრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პორტრეტებსა და შიშველი ნატურის სერიებს, სადაც ჩანს ექსპერიმენტული მხატვრული ენა, ფორმის განზოგადება და ფერისადმი გამძაფრებული ინტერესი.
ძაძამიძის შემოქმედებითი კარიერა მხოლოდ ორ ათეულ წელს მოიცავს, თუმცა ამ მცირე დროშიც ჩამოყალიბდა როგორც თვითმყოფადი, გულწრფელი და შთაგონებული მხატვარი.
1991–92 წლების თბილისის ომის დროს მხატვრის სახლში წარმოდგენილ გამოფენაზე მისი 150 ნამუშევარი განადგურდა. საბედნიეროდ, მისმა დისშვილებმა – ექიმებმა პეტრე (მურთაზ) და ნუგზარ უბერებმა – მოახერხეს მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნაწილის შენარჩუნება, რომლებიც დღეს ქართული პეიზაჟური ფერწერის მნიშვნელოვან ნიმუშებს წარმოადგენს.
ლეოპოლდ ძაძამიძის ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში და კერძო კოლექციებში.

მუზეუმის სამუშაო დრო: 10.00 – 17.30  საათამდე, ყოველდღე, ორშაბათის გარდა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.