ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის რეტროსპექტული გამოფენა დადიანების მუზეუმში
2025 წლის 21 ივნისს, 18:00 საათზე, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს დამსახურებული მხატვრის — ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის (1922–1966) რეტროსპექტული გამოფენა.
გამოფენა მიეძღვნა მხატვრის დისშვილის, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, ექიმ პეტრე (მურთაზ) უბერის ხსოვნას.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია 50-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც მხატვრის ოჯახურ კოლექციაში ინახებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის — ლეოპოლდ ძაძამიძის ოჯახის წევრები, მეგობრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სამხატვრო საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ხელოვნების მოყვარულები.
ლეოპოლდ ძაძამიძე XX საუკუნის ქართული ფერწერის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მისი შემოქმედება გამოირჩევა ლირიზმით, ფერადოვნებითა და ინდივიდუალური მხატვრული ხედვით. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მოიცავს როგორც პეიზაჟებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ისე პორტრეტებსა და შიშველი ნატურის სერიებს.
მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის კარიერა მხოლოდ ორი ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდა, იგი დამკვიდრდა, როგორც თვითმყოფადი და შთაგონებული ხელოვანი. 1990-იანი წლების დასაწყისში თბილისში გამართულ გამოფენაზე მისი მრავალი ნამუშევარი განადგურდა, თუმცა ოჯახის მიერ დაცული კოლექციის მეშვეობით დღეს შესაძლებელია მხატვრის შემოქმედების მნიშვნელოვან ნაწილთან შეხება.
გამოფენა გაიხსნა უფლისწულ ნიკო დადიანის სამეჯლისო დარბაზში და გაგრძელდება 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით.