Skip to content Skip to sidebar Skip to footer

გამოფენა – “აფხაზეთი საქართველოა”

აფხაზეთი, საქართველოს განუყოფელი ნაწილია. აფხაზები და ქართველები საერთო კულტურის მატარებელნი არიან, მათ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებისა და მეგობრობის ისტორია აქვთ, რომლის დასტურიცაა მუზეუმის საცავებში დაცული დოკუმენტური, თუ ნივთიერი მასალა.

გამოფენაზე „აფხაზეთი საქართველოა“  წარმოდგენილი იყო  რუკები, შედგენილი ივანე ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატის, ისტორიკოს – ავთანდილ თორდიას მიერ. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, ისეთი ცნობილი  მეცნიერების გვერდით,  როგორიცაა: ანდრია აფაქიძე, დათუნა მუსხელიშვილი, გიორგი მელიქიშვილი და სხვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა მის მიერ შედგენილ რუკებს; კოლხეთი, ეგრისი, ლაზიკა ძვ.წ.აღ მე-6 ახ. წ.აღ მე-6 საუკუნეებში.  საქართველოს სახელმწიფო XII-XVII საუკუნეებში, ოდიშის საერისთავო XII-XVIII საუკუნეებში, სამეგრელოს სამთავრო XIX საუკუნეში.

აგრეთვე, საინტერესოა რუკა დასახელებით „კოლხური ცულის გავრცელება საქართველოში“.

დამთვალიერებელმა იხილა ეგრეთწოდებული „თაგილონის განძი“, რომელიც  აფხაზეთის  ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აფხაზეთი და საქართველო  განუყოფელნი  არიან.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ორსაგდულიანი კოლხური ცულის სპილენძის ყალიბი ცულთან  ერთად,  ფოტოს სახით, რომელიც ნაპოვნი  იქნა არქეოლოგიური გათხრებისას, 1924  წელს  მდინარე  ენგურის მარჯვენა სანაპიროზე თაგილონში. თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე  XI-X  საუკუნეებით.

მნიშვნელოვანია თაგილონშივე, 1930 წელს ნაპოვნი ოქროს ნივთები: ირმის თავი, ოქროს სამკაულის დეტალები, ცხენის მოსართავი, რკინის მუზარადი, ვერცხლის ჭიქები, ფიალები და სხვა. მათი უმეტესობა  ჩვენი  წელთაღრიცხვის  პირველი  და მეორე საუკუნეებით თარიღდება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ირმის ოქროს თავი, ანუ თაგილონის რიტონი, რომელიც ძალიან ჰგავს პართიულ ვერცხლის ირმის თავს რიტონს  და  ბულგარეთში,  ვრაცაში აღმოჩენილ თხისთავა ოქროს სასმისს. მეცნიერთა აზრით, ის ერმიტაჟში დაცულ სკვითურ-ყუბანურ ნივთებს, სასმისებს ემსგავსება.

ასევე,  მნიშვნელოვანია მამაკაცის ოქროს მინიატურული ნიღაბი, პირობითად, აიეტის ნიღბად წოდებული.

დღეს, ეს განძი დედოფლისეული სასახლის საგანძურშია გამოფენილი, იქვეა ჯვარ-ხატები, რომელთაც ამშვენებს აფხაზეთის მეფის,  გიორგი მეორის წარწერა.

გამოფენაში წარმოდგენილი იყო  წარწერიანი  ქვა   ჯეგეთიდან,    (ასომთავრული ანბანური  დამწერლობით შესრულებული), რომელიც  თარიღდება მე–17 საუკუნით, ლევან დადიანისა  და აფხაზეთის კათალიკოსის, მალაქია გურიელის  მოღვაწეობის პერიოდიში, იგი გადმოუტანიათ მუზეუმში 30–იან წლებში.  

დადიანებს, ახლო ნათესაური კავშირი ჰქონდათ აფხაზეთთან, დავით დადიანის და, ეკატერინე (პუპი)  დადიანი  დაქორწინებული იყო აფხაზ თავადზე,  დიმიტრი (სეით ბეი) შერვაშიძეზე, მათი შვილი გიორგი კი  გახლდათ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, თბილისის გუბერნატორი.

ვიტრინებში წარმოდგენილი იყო დიმიტრი და გიორგი შერვაშიძეების ხელნაწერები.

 აფხაზური მუსიკალური საკრავი აფხიარცა, რომელიც დამზადებულია, ზუგდიდელი, ხეზე კვეთილობის  ოსტატის, კაპიტონ ცანავას მიერ, ასევე  ჩონგურ-ფანდური და ჭიანური, იგივე ჭუნირი.

აფხაზეთის ხედები, პირველი ფერადი ფოტოები, შექმნილი ფოტოგრაფ, პროკუდინ გორსკის მიერ, გადაღებული მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში და ფოტო-ალბომები, რომელიც ასახავს გასული საუკუნის 70-იან – 80-იან წლებში, რუხში ჩატარებულ ხალხთა მეგობრობის ზეიმს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.