Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის 210 საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი IV სამეცნიერო კონფერენცია

ქალაქ ზუგდიდში, 25–26 მაისს, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის დაბადებიდან 210 წლის იუბილესადმი მიძღვნილი IV სამეცნიერო კონფერენცია, სადაც შედგა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალ „მემატიანეს“ პირველი ნომრის პრეზენტაცია.

ჟურნალი „მემატიანე“ დაიბეჭდა საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე, საქპატენტსა და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის 2025 წლის დეკემბერში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ჟურნალის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სასახლე-მუზეუმების გაერთიანების IV სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეები და ცენტრის თანამშრომლები. მათ წინაშე სიტყვით წარდგნენ სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორი გიორგი კალანდია და საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე. გამომსვლელებმა ისაუბრეს ეკატერინე ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის განსაკუთრებულ როლზე ქართული კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში.

ეკატერინე ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის საქართველოს არისტოკრატიის გამორჩეული წარმომადგენელი, ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი, სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მეუღლე და შემდგომში რეგენტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ პერიოდის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გამოცემა გამდიდრებულია უნიკალური ფოტოილუსტრაციებით, რომლებიც მკითხველს XIX საუკუნის ისტორიულ ეპოქაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს. ღონისძიების სტუმრებს უმასპინძლა სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მმართველმა დავით ოყუჯავამ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ციფრული მედიისა და ხელოვნური ინტელექტის საუკუნეში ბეჭდური გამოცემები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მისი პოპულარიზაციის ერთ-ერთი ეფექტიანი ფორმა. აქედან გამომდინარე, საქპატენტისთვის პრიორიტეტულია მსგავსი საგამომცემლო და საინფორმაციო პროექტების ხელშეწყობა, რამეთუ ეს არის პლატფორმა, რომელიც თავის თავში მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცოდნის გავრცელების შესაძლებლობას, კულტურული ფასეულობების მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კულტურის, ისტორიისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროებს შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას.

სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის გამოცემის დამფუძნებლები არიან საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება და სასახლე-მუზეუმთა გაერთიანება. გამოცემა მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით .

ჟურნალი გამოიცემა კვარტალში ერთხელ.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.