Skip to content Skip to sidebar Skip to footer

Exhibition – “Golden Fleece: Georgian Art”

გამოფენა – “ოქროს საწმისი საქართველოს ხელოვნება” – ეროვნული საგანძურის ვრცელი პრეზენტაცია ევროპაში.

ქართული კულტურისა და ხელოვნების პირველ ვრცელ პრეზენტაციას, მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა მუზეუმმა, ევროპის ისტორიულ ქალაქ კრაკოვში – NMK (National Museum of Krakow) უმასპინძლა გამოფენნით“ოქროს საწმისი საქართველოს ხელოვნება” .

დადიანების მუზეუმის უნიკალური ექსპონატები, ექვსი თვის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვა დიდი მუზეუმების ექსპონატებთან ერთად, წარმოდგენილი იყო  ქალაქ კრაკოვის ნაციონალური მუზეუმის გამოფენაში  -“ოქროს საწმისი საქართველოს ხელოვნება”.

მუზეუმის მთავარ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო საქართველო, როგორც მსოფლიო მეღვინეობის აკვანი და ამავდროულად, დამთვალიერებელი გაეცნო საქართველოს სოციო -კულტურულ განვითარებასა და ქართული სახელმწიფოს შექმნის პროცესს;

ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს. ადამიანის საქმიანობის უძველესი კვალიდან კოლხეთის ოქროს განსაცვიფრებელ, უძველეს ნიმუშამდე.  წარმოდგენილი იყო მომხიბლავი არქეოლოგიური აღმოჩენები, მათ შორის უძველესი სასოფლო-სამეურნეო იარაღები, მეტალისა და კერამიკის უნიკალური მასალები.

კოლხეთის საგანძურისადმი მიძღვნილი განყოფილება დაკავშირებული იყო არგონავტების ცნობილ მითთან, სადაც წარმოდგენილი იყო კოლხეთის დახვეწილი, უძველესი ოქრომჭედლობის ხელოვნების ნიმუშები.

დამთვალიერებელმა იხილა ქართული ლიტერატურის ძეგლები, ანბანის მრავალფეროვანი ვერსიები. ამავდროულად, პირველად გამოიფინა პოლონეთის სხვადასხვა მუზეუმში დაცული არაერთი ქართული არტეფაქტი თუ ხელნაწერი.

გამოფენის სტრატეგიული პარტნიორი გახლდათ  14 ქართული მუზეუმი:

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; წარმოდგენილი იყო არჩილ გელოვანის პირადი კოლექცია.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა, დიდმა კულტურულმა ინსტიტუციებმა, როგორიცაა: ლუვრი, ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი, კრაკოვის სახელმწიფო მუზეუმი, იერუსალიმის მუზეუმი, ვაველის სამეფო სასახლე და ვარშავის ეროვნული მუზეუმი.

გამოფენისთვის მომზადდა ორენოვანი – ინგლისურ-პოლონური კატალოგი.

საქართველოში ექსპოზიციის მომზადებას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც გახლდათ გამოფენის კურატორი. გამოფენას ჰყავდა პოლონელი კურატორიც – ცნობილი ბიზანტიოლოგი, პროფესორი მიროსლავ კრუკი.

გამოფენა გაგრძელდა: 2024 წლის 18 აპრილიდან – 15 სექტემბრის ჩათვლით.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.